საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზაფხულო სკოლა ბათუმში ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების, ქართველი და უცხოელი პროფესორების მონაწილეობით საერთაშორისო სისხლის სამართალში

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო პროექტის - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ - ფარგლებში, 2023 წლის 27-30 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე - „საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება - თეორიული და შედარებითი ასპექტები“.

 

საზაფხულო სკოლა ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულეტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად განხორციელდა.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის საფეხურის 16 სტუდენტმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით.

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროფ. დოქტ. მერაბ ტურავა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე პროფ. დოქტ. გოჩა ლორთქიფანიძე; თსუ-ის ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი თუმანიშვილი; თსუ-ის ასოც. პროფ. გიორგი დგებუაძე; მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. სტეფანი ბოკი; ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ანეტე ვაინკე; ჰამბურგიდან დოქტ. მაიელ ჰიერამენტე; ბრიტანელი ბარისტერი ადეტოკუნბო ჰუსეინი; ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი; ბერლინის ჰუმბოლდტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული პირებისგან მიეღოთ ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე; რომის სტატუტის შემუშავებისა და რატიფიკაციის სამართლებრივ თავისებურებებზე; აგრეთვე, ქართული სისხლის სამართლისა და რომის სტატუტის ურთიერთკავშირზე.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში გააღრმავოს ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართ; გაზარდოს საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში, ამასთან, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუტებსა და საქართველოს შორის გააღრმავოს თანამშრომლობა.

 

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტი 2019 წელს დაიწყო და დღემდე მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროექტის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეები და ექსპერტები. 2022 წელს გერმანიაში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ათობით ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა გაეღრმავებინა ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართლის კუთხით.

 

საზაფხულო სკოლას ხელმძღვანელობდნენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე.

 

დაწვრილებით იხილეთ საზაფხულო სკოლის პროგრამა

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ ასევე იხილეთ:

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი

მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტი

ბილეფელდის უნივერსიტეტი

თარიღი: 07/10/2023